საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გოლები გიბრალტარელმა პოლიციელმა და მებაჟემ გაუტანეს

საქართველო, თბილისი - 10:40 | 16.10.2019
ნანახია: 1078

15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი 3:2 დაამარცხა. ქართველ ფეხბურთელებს ძალიან გაუჭირდათ ევრო 2020-ის D შესარჩევი ჯგუფის აუტსაიდერის, გიბრალტარის ნაკრების დამარცხება - ევროპულმა საფეხბურთო ჯუჯამ საქართველოს ნაკრებს 0:2 მეორე ტაიმის 8-წუთიან მონაკვეთში შემოუტრიალა და რომ არა, გიორგი ქვილითაიას გოლი ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიაში მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერებოდა. 

ეს თამაში არ იყო გადამწყვეტი და მას არ გამოუწვევია ევროპულ მედიაში არანაირი გამოხმაურება, თუმცა Gibraltar Chronicle კი დანანებით წერს: "გიბრალტარს არ გაუმართლდა, როცა მატჩის შემოტრიალების შემდეგ მაინც წააგო". 

"მეორე ტაიმში გიბრალტარის ნაკრებმა ძლიერად ითამაშა და თამაშიც კინაღამ შემოატრიალა. ლი კაშაროსა და როი ჩიპოლინას გოლებით ნაკრებმა გაათანაბრა. თუმცა საქართველოს ნაკრებმა გვიანი გოლით მაინც მოახერხა სამი ქულის მოპოვება. ის, რომ საქართველოს ნაკრებს გაუმართლდა, მოგვიანებით მათმა თავკაცმაც აღიარა ", - წერს ბრიტანული ტერიტორიის ყველაზე პოპულარული გაზეთი.

უნდა აღინიშნოს, რომ  პირველი გოლის ავტორი კაპიტანი ლი კაშარო პროფესიით პოლიციელია, ხოლო მეორის, როი ჩიპოლინა - მებაჟე. რა თქმა უნდა, გიბრალტარის ნაკრებში მოყვარული ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც პარალელურად სხვა პოზიციაზე მუშაობენ.

წყარო: popsport.com

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე