ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს ვერ ეღირსებით დიდხანს - თეა წულუკიანი მამუკა ხაზარაძეს

საქართველო, თბილისი - 14:51 | 03.10.2019
ნანახია: 1140

იუსტიციის მინისტრი და ვიცე პრემიერი თეა წულუკიანი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ხაზარაძემ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა მან ხაჭაპურების გამოცხობა იცის, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუტქურა.

წულუკიანი ხაძარაძეს მიმართავს და წერს, რომ ის ამ განცხადებით თავისი გარემოცვის ქალებს აყენებს შურაცხყოფას.

მისი თქმით, ხაზარაძის განცხადებაზე რეაგირება არ ექნება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან მისი ადრესატი ოპოზიციონერი არ არის, ისევე როგორც არასდროს ეხმიანებოდნენ მასზე თავდასხმებს, ამიტომ როგორც ის ამბობს, საჯარო საქმიანობაში ჩართული ქალის დაცვას თავად აპირებს.

„რაკი ამ განცხადების ადრესატი არც ოპოზიციონერი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის, ამ უმსგავსო განცხადებას „ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები“ სავარუდოდ არ გამოეხმაურებიან.

ისევე, როგორც არასოდეს (!) არ გამოხმაურებიან ჩემზე გენდერული ნიშნით თავდასხმებს და გენდერული ნიშნით კიდევ სხვა პოლიტიკოს ქალზე თავდასხმას, სახელად: „ქალო, რით ვერ ისწავლე ქართული, გნუ ხარ?“.

ჰოდა, მე გამოვეხმაურები. იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ის, ვისაც ჰქვია საჯარო საქმიანობაში ჩართული ქალი. ვცდილობ მაინც.

ბ-ნო ლელო მამუკა, თქვენ ამ განცხადებით საკუთარი გარემოცვის ქალებს აყენებთ შეურაცხყოფას, ეს იცით? თუ არ იცით, ახლა გეცოდინებათ. პოლიტიკაში „მოსვლა“ რომ გინდათ, ასეთი განცხადებებით აპირებთ „მოსვლას“?

თქვენ, ამ განცხადებით, ასევე შეურაცხყოფას აყენებთ ყველა იმ ახალგაზრდა ქალს, რომელიც განათლებას ან იღებს, ანდა უკვე მიღებული აქვს და, ასე მგონია, არის თქვენზე განათლებულიც, თქვენზე ჯანსაღიც და თქვენზე უფრო მეტი ნდობის ღირსიც.

ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც არ იკადრებს არც ერთი ქალი, რომ იმ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტში შეჰყოს თავი (ა-ზე რომ იწყება და ია-ზე რომ მთავრდება!), რომლის კეთების თავიც არ აქვს და როცა გამოაშკარავდება, რომ არ აქვს თავი, მერე არ დაიწყებს პარტიის შექმნას მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დაიძვრინოს! ამ თემაზე მე, ქალს, ბევრი რამე შემიძლია მოგახსენოთ, როცა მექნება ამის შესაძლებლობა! რადგან ის დროც მახსოვს, როცა „შეგარჩიეს“ და მას მერე რაც იყო, ისიც კარგად მახსოვს!

ისე ხდება, რომ ხაჭაპურების ცხობაში მახსოვრობა გვივარჯიშდება ხოლმე ქალებს და დიდხანს გვახსოვს რაღაცეები.

გასაგებია, რომ თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი.

ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს კი ვერ ეღირსებით დიდხანს, რადგან არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს და, თანაც წინ, 2020 წლის არჩევნები მაქვს მოსაგები. მე, ქალს.

იხუმრა, ეგონა, ალბათ...“, - წერს წულუკიანი.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე