დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მარტო და პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან – თინა ბოკუჩავა

საქართველო, თბილისი - 15:53 | 27.09.2019
ნანახია: 1045

 

პირისპირ რუსეთთან დარჩენა არის სახიფათო. ეს არის ცალსახა და გამორიცხულია, ჩვენი ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორი ამას მიესალმოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უკიდურესად სახიფათოა ორმხრივი შეხვედრები, რომელიც საზოგადოების ზურგს უკან იმართება და, სადაც არ არიან წარმოდგენილი როგორც მხარეები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როგორც ხდება ჟენევის ფორმატში. მისივე თქმით, ასეთი ტიპის ორმხრივმა შეხვედრებმა შესაძლოა,  ნელ-ნელა დაასუსტოს ჟენევის ფორმატი და შემდეგ ჩაანაცვლოს.

„სწორედ ამიტომ დავიბარეთ მინისტრი ზალკალიანი პარლამენტში, მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, თუ რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე, ასევე რატომ არ ხდება იგივე საკითხების განხილვა ჟენევის ფორმატში, სადაც წარმოდგენილი არიან ამერიკელები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვისი თანდასწრებითაც რუსეთს გაუჭირდება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რაოდენ პრორუსული არ უნდა იყოს და რაოდენ მოსკოვის კაცად არ უნდა აფასებდეს მას ესა თუ ის ევროპული გამოცემა”, -  აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ რუსეთთან პირისპირ დარჩენა სახიფათოა.

„პირისპირ რუსეთთან დარჩენა არის სახიფათო. ეს არის ცალსახა და გამორიცხულია, ჩვენი ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორი ამას მიესალმოს. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთთან. არასდროს არ შეიძლება, ვიყოთ მომხრე იმისა, რომ შეჩერდეს მოლაპარაკებები, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საზოგადოების ზურგს უკან, მარტო და პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან რომლიც ყოველთვის ეცდება, ფეხქვეშ გათელოს ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე