აშშ-ის საელჩო საქართველოში მიესალმება ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას

საქართველო, თბილისი - 10:40 | 27.09.2019
ნანახია: 1002

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივით, გამართულ შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ იორკში გაიმართა. ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს ოფიციალურ გვერდზე მიკრობლოგ "ტვიტერში".

"აშშ-ის საელჩო თბილისში მიესალმება შეხვედრას საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივით შედგა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს არალეგალური ოკუპაციის დასრულებისა და დაძაბულობის შემცირებისკენ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე