არასდროს შევეგუებით ყირიმის უკანონო ანექსიასა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას - ლიეტუვის პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 11:13 | 26.09.2019
ნანახია: 646

არასდროს შევეგუებით ყირიმის უკანონო ანექსიასა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გააკეთა. მან დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და განაცხადა, რომ ლიეტუვა განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„სამწუხაროდ, კრიზისებით მოცულ მსოფლიოში, ევროპა გამონაკლისს აღარ წარმოადგენს. ძალის არალეგიტიმურად გამოყენება, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ევროპის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. გაერო-ს უშიშროების მუდმივმა წევრმა რუსეთმა, რომელიც გაათამამა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე მსოფლიოს არასათანადოდ მკაცრმა პასუხმა, კვლავ სცადა მისი ახლო სამეზობლო ქვეყნების დესტაბილიზაცია. რუსეთის სამხედრო ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ და ყირიმის ანექსია მეხუთე წელია, გრძელდება. ლიეტუვა მკაცრად გმობს საერთაშორისო კანონმდებლობის ამ დარღვევას, რომელიც გრძელდება და მოუწოდებს აგრესორს, პატივი სცეს გაერო-ს ქარტიას, ჰელსინკის აქტს და უკრაინასთან ორმხრივ შეთანხმებას. ლიეტუვა განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ჩვენ არასდროს შევეგუებით ყირიმის უკანონო ანექსიასა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე