ყველა ის პირი, ვინც ჩემი სახელი და გვარი ცილისწამებაში გარია, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს - დიმიტრი გაბუნია

საქართველო, თბილისი - 15:11 | 25.09.2019
ნანახია: 846

გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა.

გაბუნიას თქმით, მას გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს  მაგრამ ამბობს, რომ პროკურატურას „200 პროცენტით ენდობა“.

„გამოკითხვის მერეც დამრჩა განცდა, რომ გამოძიება არის დაინტერესებული, გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200 პროცენტით ვენდობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. მეორე, ჩემს ინტერესშია და მე მოვითხოვე რამდენიმე დღის წინ, რომ მე დავეკითხე და დიდი მადლობა ამისთვის გამოძიებას. მესამე, მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გამოძიების დასრულების შემდეგ , იმ პირების მიმართ, ვინც მისი სახელი შეწყალების საქმეს დაუკავშირა სარჩელის შეტანას გეგმავს.

„ყველა ის პირი, ვინც მე, დიმიტრი გაბუნია, ჩემი სახელი და გვარი, ცილისწამებაში გარია, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და სარჩელს სასამართლოში“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე