ტყიბულელი მეშახტეები უარს ამბობენ შახტიდან ამოსვლაზე, ვიდრე ხელფასებს არ მიღებენ

საქართველო, თბილისი - 11:35 | 24.09.2019
ნანახია: 721

დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა - 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით. აცხადებს პროფკავშირების გაერთიანება.

მათივე ცნობით, მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ეხლა ამბობენ როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა.

"მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს - მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელ-ენერგიის მიწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, "ენერგო პრო ჯორჯიას" და "სოკარ გაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა.

ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. მიუხედავად ამისა, მეშახტეები ხელფასებს იღებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე