ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულის, რამზან ახიადოვის ექსტრადირება დღეს განხორციელდა - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 16:12 | 19.09.2019
ნანახია: 747

ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულის, რამზან ახიადოვის ექსტრადირება რუსეთში დღეს განხორციელდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, რამზან ახიადოვი ბრალდებულია ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში.

„მოცემული პირის გადაცემა დღეს დილით განხორციელდა. საქმე ეხება ექსტრადიციას ბრალდებული პირისა ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში 2013-2015 წლებში. ის ჩვენთან შემოვიდა თურქეთის სახელმწიფოდან, სადაც ასევე ეწეოდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყობად ხალხის აფილირებას, შეკრებას და დაფინანსებას. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ამ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, ჩვენივე სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 მისი თქმით, რუსეთის ფედერაციისგან მიიღეს წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალინ მძიმე მუხლებისა პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში.

„ჩემთვის პირადად, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტისთვის თითოეული ჩეჩენი, თითოეული ქისტის, ჩვენი მოქალაქის თუ სხვა ქვეყნის იყო პრიორიტეტი და არის ამიტომაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალინ მძიმე მუხლებისა ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, რომ ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით. ეს არის წამების აკრძალვის მუხლი, რომელიც უნდა იყოს დაცული, სიცოცხლის უფლების დაცვა და ა.შ.“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე