ამერიკელი სენატორები რუსეთის G7-ში დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან, ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა

საქართველო, თბილისი - 14:14 | 29.08.2019
ნანახია: 678

ამერიკელი სენატორები რუსეთის დიდი შვიდეულის შემადგენლობაში დაბრუნების წინააღმდეგები არიან და საჯარო წერილით მიმართავენ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, არ დაუშვას ეს შესაძლებლობა.

სენატორები წერილში აღნიშნავენ, რომ დიდი შვიდეული ეკონომიკურად განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებს აერთიანებს, სადაც რუსეთის ადგილი არ არის, რადგან ის არ წარმოადგენს არც დემოკრატიულ ინსტიტუტებს და არც ეკონომიკურ ძალას.

წერილში აღნიშნულია, რომ დიდი რვიანის შემადგენლობიდან რუსეთს 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო გააძევეს და იგი ამის შემდეგაც აგრძელებდა საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფას.

საერთაშორისო პრინციპების არაფრად ჩაგდების მაგალითად, ყირიმის ანექსიის გარდა, სენატორები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენებას და ასადის და მადუროს რეჟიმების მხარდაჭერას მიიჩნევენ.

"ამ მიზეზების გამო რუსეთის პრეზიდენტი არ უნდა იქნეს დაშვებული დიდი შვიდეულის შემადგენლობაში, სანამ რუსეთის ხელისუფლება მკაფიოდ არ დაანახებს საზოგადოებას, რომ იგი მზადაა მოიქცეს პასუხისმგებლობით", - აღნიშნულია წერილში.

წერილს ხელს აწერს ოთხი სენატორი -- ჯეკ რიდი, ჩაკ შუმერი, რობერტ მენენდესი და მარკ უორნერი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე