ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს და მჯერა, რომ ჩვენთვის ახალი კარი გაიღება - ზურაბიშვილი ბრექსიტზე

საქართველო, თბილისი - 15:38 | 28.08.2019
ნანახია: 766

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას სურს საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას. სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს Euronews-ი აქვეყნებს.

ინტერვიუს დროს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან არის შეწყვეტილი და „რუსეთთან ნებისმიერი სამომავლო ურთიერთობა ურთიერთპატივისცემას უნდა ემყარებოდეს".

როგორც გამოცემა წერს, აფხაზეთში ომი 1992 წელს დაიწყო, ხოლო ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად 11 წლის წინ გამოცხადდა.

Euronews-ი წერს, რომ გასულ კვირას აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც საქართველო გმობს და „მიუღებელს "უწოდებს.

"როგორც ევროკავშირის ენთუზიასტი, სალომე ზურაბიშვილი მზადაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა საქართველო ჯერ კიდევ არ არის კანდიდატი ქვეყანა. მიუხედავად ამისა, მას სურს თბილისი კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ბრიუსელს", - ამბობს Euronews-ის ჟურნალისტი.

"ქართველები თვლიან, რომ ისინი ევროპელები არიან. ეს არ არის ის, რისკენაც ისწრაფვიან, ისინი ევროპელები არიან", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ქართველები ევროკავშირის მიმართ მეტად ოპტიმისტურად არიან განწყობილები, ევროპა მიმზიდველია იმდენად, რამდენადაც მას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ის, რასაც ზოგჯერ ევროპელები შიგნიდან ვერ ამჩნევენ.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბრექსიტი შესაძლოა ნიშნავდეს ახალ შესაძლებლობებს სხვა ქვეყნებისთვის.

"რა თქმა უნდა, ბრექსიტი დიდი გამოწვევაა ევროპისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ახალ შესაძლებლობებსა და რეფორმირების ახალ პროცესებს გააჩენს. ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს და მჯერა, რომ ჩვენთვის ახალი კარი გაიღება", - თქვა ზუარბიშვილმა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და მას მიუღებელი უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე