გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის” გუნდმა "რუსთავი 2" დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 22.08.2019
ნანახია: 1271

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” გუნდმა ტელეკომპანია დატოვა. მათ  განცხადება გადაცემის "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნეს. გადაცემაზე მომუშავე ჯგუფის თანახმად საავტორო პროგრამის  წამყვანის მოხსნის შემდეგ მათ სხვა არჩევანი არ დარჩათ.  

„რუსთავი 2“-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. პირველიდან უკანასკნელ დღემდე ჩვენ ვირჩევდით საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემებსა და მოვლენებს, გიყვებოდით არა მხოლოდ იმას, რა მოხდა, არამედ იმას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რა გაგრძელება ექნებოდა. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირას, 9 საათზე ელოდა და რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა. რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს - მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ“- ნათქვამია „პოსტ სკრიპტუმის“  ჯგუფის განცხადებაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე