ნაძალადევში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 22.08.2019
ნანახია: 781

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის 31 ნომერში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა ადგილზე მისვლისთანავე სპეციალური ლაზერული აპარატით კორპუსის ყველა ბინა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭები და გაზგაყვანილობა შეამოწმეს.

ერთერთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალურმა აპარატმა გაზის ძლიერი კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინა დაკეტილი იყო. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები გამოიძახეს. დაკეტილი ბინის გაღება და განიავება მათი დახმარებით მოხერხდა.

სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას გაზის ორი ჩახსნილი რეზინის მილი აღმოაჩინეს, რომელიც არცერთ დანადგარზე მიერთებული არ იყო. ბინაში არსებული გაზქურის ონკანი კი ღია მდგომარეობაში იყო.

მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა მეპატრონეებს გაქირავებული ჰქონდათ და ე.წ მდგუმებმა საცხოვრებველი ფართი წინა ღამეს დაცალეს.

„კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს მეტი ყურადღებისკენ და მეტი პასუხისმგებლობისკენ.

გახსოვდეთ, რომ თქვენს დაუდევრობას შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს.

განსაკუთრებით პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებთ გაქირავებული და დაგირავებული ბინების მფლობელებსა და დამქირავებლებს. სტატისტიკური მონაცემებით უბედური შემთხვევების დიდი წილი სწორედ ასეთ ბინებზე მოდის.

„თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდით კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომელთა სწრაფმა და დროულმა ქმედებამ კორპუსი აფეთქებას გადაარჩინა.

მადლობა საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის -სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟებს.

განსაკუთრებული მადლობა იმ მოქალაქეს, რომელმაც კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა და შეგვატყობინა აღნიშნულ მისამართზე გაზის სუნის შესახებ“, აცხადებენ კომპანიაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე