„მაგნოლია 2015“-ზე ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდებიან

საქართველო, თბილისი - 18:11 | 21.12.2015
ნანახია: 1418

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაიმართება ტურიზმის რეგიონალურ ფორუმი „მაგნოლია 2015“, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერაა ორგანიზებული. ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2015“ წელს პირველად იმართება, რომლითაც   საფუძველი ეყრება რეგიონში ტურიზმის სექტორში სერვისის/მომსახურების სტანდარტების ამაღლების ღონისძიებებს.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება პროექტ „იდუმალი სტუმრის“ შედეგები, რომლის ფარგლებშიც 2015 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 150 ობიექტში, მათ შორის განთავსებისა და კვების ობიექტში, ასევე ტურისტულ სააგენტოებში ფარული ვიზიტი განახორციელა სერვისების ხარისხის კვლევის მიზნით. ღონისძიებაზე ასევე დაგეგმილია დეპარტამენტის მიერ 2016 წელს დაგეგმილი პროექტების „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ” და “სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის” პრეზენტაციაც, რომელსაც სტუმრებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამია ბერძენიშვილი წარუდგენს.

ფორუმი ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიების დაჯილდოებით დასრულდება. გამარჯვებულებს შორის იქნებიან პროექტ „იდუმალი სტუმრი“-ს მიერ გამოვლენილი კომპანიები, ასევე საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოების გამოკითხვის, ონლაინ დაჯავშნის რესურსების „BOOKING.COM” და „Trip Adviser” მომხმარებლების შეფასაბებით გამოვლენილი კომპანიები. სულ დაჯილდოების ცერემონიალზე 17 ნომინაცია იქნება წარდგენილი.

 ტურიზმის რეგიონალურ ფორუმს „მაგნოლია 2015“ ტურიზმში დასაქმებული კერძო კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 200 -მდე წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მინისტრთა კაბინეტთან ერთად.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე