ბუკიას ბაღში მცირე მეურნეების პროდუქციის წინასაახალწლო აქცია-ბაზრობა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:37 | 21.12.2015
ნანახია: 2279

 

26-27 დეკემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ბუკიას ბაღში, ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ აწყობს მცირე მეურნეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის წინასაახალწლო აქცია-ბაზრობას - „მეტი ადგილობრივი პროდუქცია - მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს“. ღონისძიების მიზანია, მცირე მეურნეებმა და მოქალაქეებმა მოუწოდონ საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა დააფუძნოს ისეთ მიდგომაზე, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მცირე ფერმერულ მეურნეობებს გაიუმჯობესონ ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ბაზრებზე და შეძლონ უფრო მეტი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება.

აქცია-ბაზრობაზე წარმოდგენლილი იქნება სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი, საღი და ხარისხიანი პროდუქცია, რომლის შეძენა პირდაპირ მეურნეებისაგან იქნება შესაძლებელი.  

ღონისძიების დროს გაჟღერდება ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის და ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ ჩატარებული სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის კვლევის შედეგები. დაინტერესებულ მოქალაქეებს შეეძლებათ ხელი მოაწერონ საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიისთვის მცირე მეურნეობების მხარდასაჭერ პეტიციას.

აქცია გაიმართება პროექტის - „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში. სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე.

უახლესმა ეროვნულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70% სურსათის უკმარისობას განიცდის და შიშობს, რომ მომავალში ეს მდგომარეობა შეიძლება კიდევ გაუარესდეს. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობა შემოსავლების საშუალოდ 50%-ს ხარჯავს სურსათზე და, მცირე შემოსავლების გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ადგილობრივ, მრავალფეროვან და საღ პროდუქტზე. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მის მცირეშემოსავლიან ფენებში, შეინიშნება ბავშვებთა ზრდის შეფერხება, იოდისა და რკინის დეფიციტი. არასრულფასოვანი კვება აფერხებს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, ამცირებს მის შრომისუნარიანობას, რასაც უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეების განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავის თავად გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას.

აქცია -ბაზრობაზე მონაწილეობით მოქალაქეები დააფიქსირებენ საკუთარ მხარდაჭერას მცირე მეურნეობების განვითარებისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდისათვის. ყველა მონაწილეს გადაეცემა სოლიდარობის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე