ოთარ დანელია: DCFTA-ს ფარგლებში სოფლის მეურნეობაზე მოდის საკმაოდ დიდი დატვირთვა - საქართველოს რამდენიმე ასეული დირექტივა აქვს შესასრულებელი

საქართველო, თბილისი - 13:18 | 21.12.2015
ნანახია: 1427

,,ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ყველა ცვლილება, ყველა რეფორმა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, არის წარმატებული და არის აღიარებული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, აღნიშნული შეფასება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბათუმში, მედიატურის ფარგლებში გამართულ   პრესკონფერენციაზე საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მხრიდან დადებითი შეფასებისას გააკეთა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უხლესი ისტორიის მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა.

„მოხარული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ამ ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ჩვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირთან ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში სოფლის მეურნეობაზე მოდის საკმაოდ დიდი დატვირთვა - საქართველოს რამდენიმე ასეული დირექტივა აქვს შესასრულებელი. აღნიშნული მიმართულებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. უკვე მიღებულია არაერთი მნიშვნელოვანი რეგლამენტი. არსებობს სამოქმედო გეგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, ამ პროცესების მიმდინარე სტატუსებთან   დაკავშირებით, ანგარიშგება ხორციელდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წინასაახალწლოდ ასეთი პოზიტიური მოვლენები მოქალაქეთა განწყობაზეც დადებითად მოქმედებს. ოთარ დანელიას განმარტებით, ის, რაც პოლიტიკურ სივრცეში საქართველოსთან მიმართებაში ხდება, ცალსახად პოზიტივია. ეს კი, ბუნებრივია, დადებით გავლენას სხვა მიმართულებით, სხვა დარგებზეც იქონიებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე