რუსეთის მოსახლეობის 38%-ს არ სურს 2024 წელს პუტინის კვლავ პრეზიდენტად ხილვა

საქართველო, თბილისი - 15:56 | 30.07.2019
ნანახია: 810

რუსეთის მოსახლეობის 38 %-ს არ სურს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიმდინარე ვადის დასრულების შემდეგ ისევ პრეზიდენტი იყოს - ამ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ვედომოსტი" ავრცელებს „ლევადა ცენტრის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.

„ვედომოსტის" ინფორმაციით, იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც არ სურთ პუტინის ისევ პრეზიდენტად ხილვა, გასულ წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის რეკორდული მაჩვენებელი. 2012 წლის ოქტომბერში 40%-ს არ სურდა პუტინის კვლავ გაპრეზიდენტება, ხოლოდ 2013 წლის ოქტომბერში 45%-ს.

პუტინის კრემლში დარჩენა სურს მოსახლეობის 54%-ს. ეს მაჩვენებელი 2017 წლის აგვისტოში 67%-ს უტოლდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მკვეთრად არის შემცირებული იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდათ - 8%. გასულ წლებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო, 14% და 26%.

კვლევის შედეგების მიხედვით, 2001 წლის ივლისიდან მაქსიმუმს მიაღწია იმ მოქალაქეთა რიცხვმა, რომელიც თვლის, რომ პუტინის მიმართ ნდობა მეტწილად სხვა ალტერნატიული ლიდერის არარსებობით არის განპირობებული. ასე ფიქრობს მოქალაქეთა 43%. 2016 წელს ამგვარად ფიქრობდა 29%.

იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ფიქრობს, რომ პუტინი შეძლებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს გაუმკლავდეს, ბოლო 19 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია, 24%. 2016 წლის ნოემბერში ამგვარად 39% ფიქრობდა.

როგორც „ვედომოსტი" წერს ამ რყევებს გავლენა არ მოუხდენია პუტინის ელექტორალურ რეიტინგზე. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ივნისში, საპენსიო რეფორმის მიმდინარეობისას მისი რეიტინგის დაცემა გამოიკვეთა, გამოკითხულთა 40% და ხმის მისაცემად მზადმყოფთა 54% ისევ მზადაა პუტინის გადასცეს პრეზიდენტის მანდატი.

პუტინი რუსეთის პრეზიდენტად მე-4 ვადით აირჩიეს 2018 წლის მართში და რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, იგი არ შეიძლება დასახელდეს პრეზიდენტობის კანდიდატად შემდგომ არჩევნებში, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე