ყველას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:10 | 18.07.2019
ნანახია: 1007

ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე. მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით  განაცხადა.

მისი თქმით, ბოლომდე ბრძოლას აპირებს, რათა არ გაიმარჯვოს ბოროტებამ და საზოგადოებას  ივანიშვილის მოშორებამდე ერთად ბრძოლისკენ მოუწოდებს.

„მინდა, მოგმართოთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და არა მარტო. ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მთელი ბიზნესი, ბიუჯეტი, მიწები და ტყეები. მეგობრებო, წყნარად დავხვდეთ და შევეგუოთ? გვინდა, რომ მტერს ჩავაბაროთ სამშობლო? მე არ ვაპირებ გაჩერებას, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. მოდი, გვერდით გადავდოთ შვებულებები, დასვენებები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, დავსხდეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე. მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ვიდგებით ერთად და მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე