საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაეროს კვირეული გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 17:39 | 09.07.2019
ნანახია: 661

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაეროს კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში დღეს პირველი შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა, რომელსაც საქართველოში გაეროს ელჩი საბინა მახლი დაესწრო.
ღონისძიება გახსნა და მიწვეულ სტუმრებს პროექტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვანო ჯაგოდნიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის" ხელმძღვანელმა თამარ ტარტარაშვილმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ელჩსა და მიწვეულ სტუმრებს მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ორგანიზაციას წელს, 16 ივლისს, დაარსებიდან 6 წელი უსრულდება. როგორც თამარ ტარტარაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაციის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა თაობის სამოქალაქო სექტორში მეტად ჩართულობა და მათთვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აუცილებელია სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად. მისივე თქმით, 6 წლის განმავლობაში ორგანიზაცია თანამშრომლობდა, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„დღეს საინტესო პროექტს, სახელწოდებით „გაეროს კვირეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში" ჩაეყარა საფუძველი. ამასთანავე, უკვე დაწყებულია პროექტი „გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება", სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი მონაწილეობს. პროექტში ჩართულები არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. შერჩეულ სტუდენტებს 10-12 ივლისამდე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ტრენინგები ჩაუტარდებათ. 13 ივლისს პროექტის მონაწილე სტუდენტები დელეგატების რანგში გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს საჩუქრები და სერთიფიკატები გადაეცემათ. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გაეროს შორის ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ „გაეროს კვირეულის" ფარგლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში „გაეროს კუთხე" გაიხსნება", - განაცხადა თამარ ტარტარაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის" პროექტების მენეჯერმა მაია ბენიამ აღნიშნა, ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტისა და იურიდუილ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებიისთვის გაეროს ელჩის დღევანდელი ლექცია სამომავლო ურთიერთობის გაღრმავების საწინდარია.
„ჩვენი ორი ფაკულტეტის გაეროსთან კოლაბორაცია ხელს შეუწყობს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავებას. დღევანდელი ლექციაც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება. ორივე ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ პროექტებში ჩართვას და იმ უნარების გამომუშავებას, რაც მათ სამომავლო საქმიანობაში წაადგებათ. წარმატებულ სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაცია ხელს შეუწყობს დასაქმდნენ სხვადასხვა პროექტში და სერიოზული გამოიცდილება მიიღონ. ეს გულისხმობს დასავლურ სტანდარტებთან და სტრუქტურებთან ინტეგრაციას. ჩვენი სტუდენტები, დამატებით, კარგ გამოცდილებას მიიღებენ. ამ თვალსაზრისით პროექტში გაეროს ჩართულობა მნიშვნელოვანი და უაღრესად საპატიოა", - განაცხადა მაია ბენიამ.
გაეროს კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე გაეროს ელჩი საქართველოში საბინა მახლი საჯარო ლექციით - „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ძალადობის პრევენცია" წარსდგა. ელჩმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა. მისი თქმით, 2016 წელს საქართველომ ეროვნული მდგრადი განვითარების მიზნების ნებაყოფლობითი მიმოხილვა განახორციელა, რათა თვალსაჩინო გაეხადა, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით. ელჩის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პროცესში საუნივერსიტეტო-სამეცნიერო ძალების მონაწილეობა აუცილებელი და მრავალმხრივ სასარგებლოა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მე ავსტრიელი ვარ, ვენის ცნობილ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ზოგადად, დიდ პატივს ვცემ საუნივერსიტეტო სისტემას და ყოველთვის დიდი ინტერესით ვმონაწილეობ საუნივერსიტეტო შეხვედრებში. მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო გაეროს საქმიანობის შესახებ საქართველოში. გაერო 14 სააგენტოს მეშვეობით ფუნქციონირებს საქართველოში და თითოეულ მათგანს თავისი პროგრამა და ქვეპროგრამები აქვს. გაერო თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორთან და ეს თანამშრომლობა, რეალურად, წარმატებულია. ყურადღებას გავამახვილებ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის შესახებ. 2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეიკრიბა და დასახა მნიშვნელოვანი დღის წესრიგი 2030 წლისთვის. დაიგეგმა მნიშვნელოვანი მიზნები და მათი მიღწევის გზები, განისაზღვრა მდგრადი განვითარების 17 უმთავრესი საკაცობრიო მიზანი, მათ შორის: როგორ დავძლიოთ შიმშილი, როგორ დავიცვათ ჩვენი პლანეტა, როგორ გავხადოთ უფრო წარმატებული ჩვენი საზოგადოება სათანადო განათლების უზრუნველყოფის გზით. ეს მიზნები ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყველაზე უმთავრესი მიზნები ერთიანდება სახელწოდებაში „5P": ადამიანები, პლანეტა, მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება. ჩვენი სამომავლო ყოფა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ პირველ რიგში ამ 5 ძირითად მიზანს. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც განაცხადა, რომ ასახავს 2030-ის ყველა მიზანს თავის ეროვნულ კანონმდებლობაში და სხვა ქვეყნებთან ერთად იბრძოლებს მათი განხორციელებისთვის. 2016 წელს საქართველომ განახორციელა თავისი ეროვნული მდგრადი განვითარების მიზნების ნებაყოფლობითი მიმოხილვა, რათა თვალსაჩინო გაეხადა, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით. ამას მთავრობა მარტო ვერ გააკეთებს, და ამ პროცესში აუცილებელია საუნივერსიტეტო-სამეცნიერო ძალების მონაწილეობა. იმისთვის, რომ თვალსაჩინო გახდეს, თუ რა ხარვეზებია კანონმდებლობაში, რა ცვლილებები და დამატებები საჭირო, სხვადასხვა სექტორების თანამონაწილეობა აუცილებელია. გასულ კვირას წავიკითხე ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მდგრადი განვითარების მიღწევა სახვადასხვა ქვეყანაში. ვერ დაგისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, რომელიც არ იმყოფება ამ მიზნების მიღწევის პროცესში. ეს პროცესი ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ დასრულებულა. ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. მიზნების მიღწევას მთელი საზოგადოების ტრანსფორმაცია სჭირდება, რაც დიდ დროს მოითხოვს", - აღნიშნა საქართველოში გაეროს ელჩმა.

გაეროს კვირეულის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტები და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის". გაეროს კვირეული გამარჯვებულების გამოვლენით, 13 ივლისს დასრულდება.
 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე