გიორგი გაბუნიას უმსგავსო საქციელის გამო, კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის - კალაძე

საქართველო, თბილისი - 17:49 | 08.07.2019
ნანახია: 763

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამებს და ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. როგორც კალაძე აცხადებს, „როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ნახევარი თვის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, შევინარჩუნოთ ეს მოცემულობა“.

"ჩვენ ვამაყობთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ვერ გუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას.

ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, უშეცდომო არავინაა. ვინაიდან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან, სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას უადვილებს ამ პროცესში არეულობის შეტანას.

გუშინ, ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოხსნა რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.

ჩვენი - მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ. არ მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება.

მეგობრებო, ნორმალურ საზოგადოებაში, ქვეყნის მოყვარული ადამიანები თავიანთ სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ.

ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარე მტერს.“, აცხადებს კალაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე