აჭარის მთავრობა გრანტების გაცემის უფლებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 13:58 | 18.12.2015
ნანახია: 1502

აჭარის მთავრობა გრანტების გაცემის უფლებას ითხოვს. აღნიშნულის ინიცირება რეგიონის მთავრობამ ეკონომიკურ საბჭოში უკვე მოახდინა და საბჭო საკითხზე მომავალ კვირაში იმსჯელებს.

როგორც აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი პარმენ ჯალაღონია აცხადებს, გრანტების გაცემის უფლება ავტონომიურ რესპუბლიკას ამ დროისათვის არ აქვს.

„გრანტების შესახებ“ კანონში ინიცირებული გვაქვს ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ გრანტის გაცემის უფლება მიეცეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებსაც“, აცხადებს პარმენ ჯალაღონია.

მისივე ინფორმაციით, არსებული კანონმდებლობით გრანტის გაცემის უფლება დღემდე საქართველოს მთავრობის ცალკეულ სამინისტროებს გააჩნიათ. ჯალაღონის განმარტებით, აჭარის მთავრობის მიზანია, რომ გრანტების გაცემის უფლების მოპოვების შემდეგ უკეთ მოხდეს ამ წინაშე არსებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

„ძირითადი აქცენტი აღებული იქნება მეცნიერების, განათლების ხელშეწყობაზე. ასევე, კულტურული ცხოვრებისა და სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობაზე“, აცხადებს პარმენ ჯალაღონია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე