თბილისში საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდების შეძახილები რუსეთის პირდაპირი შეურაცხყოფაა - დუმის დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 17:23 | 02.07.2019
ნანახია: 704

თბილისში საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდების შეძახილები რუსეთის პირდაპირი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიზეზი ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები გახდა.

„ჩემი აზრით, პროტესტის მიზეზი ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები გახდა. ოპოზიციამ, რომელსაც სააკაშვილის მომხრეები წარმოადგენენ და რომელიც დამარცხდა პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებში, რევანში აიღო და ამისთვის გამოიყენა სრულიად უაზრო, გამოგონილი საბაბი - მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რუსული დელეგაციის ვიზიტი“, - განაცხადა ჯაბაროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოს საკითხს მიეძღვნა.

მისი აზრით, თბილისში ანტირუსული გამოსვლები ოპოზიციის მიერ იყო დაგეგმილი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან დაკავშირებული ინციდენტი კი, რომელსაც პროტესტი მოყვა, მხოლოდ მიზეზი გახდა. „იმან, რაც შემდეგ დაიწყო, სიმართლე გითხრათ, ყველა გაგვაოგნა. განსაკუთრებით გამაოგნებელია საშინელი რუსოფობია. ჩემმა მეგობრებმა მაჩვენეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მოედანზე შეკრებილი ამბოხებული ახალგაზრდების შეძახილები ისმის. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის პირდაპირი შეურაცხყოფაა“, - აღნიშნა ჯაბაროვმა.

მისი თქმით, მომიტინგეებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არ ანაღვლებდათ.

„იმ მომენტში, ისინი არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ აღდგა ურთიერთობები, იმაზე, რომ ათობით ათასი ქართველი პურის ფულს შოულობს, არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ უამრავი ქართული ოჯახი უზრუნველყოფილია ტურისტების მომსახურების შედეგად, მათ შორის რუსი ტურისტებისაც“, - განაცხადა დუმის დეპუტატმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე