პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 11:11 | 02.07.2019
ნანახია: 983

სააპელაციო სასამართლოში, მეორე ინსტანციამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას საქმის განხილვა უნდა დაიწყოს. 

მოსამართლემ პირველი ინსტანციის განჩინებაზე უნდა იმსჯელოს. სააპელაციოს საჩივრით მიმართა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ. სააპელაციო სასამართლომ კი დასაშვებად ცნო, როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის, ასევე ნიკა მელიას ინტერესების დამცველის საჩივარი.

ბრალდების მხარე ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას აპროტესტებს და პატიმრობას ითხოვს.

ადვოკატის თქმით კი, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მისი განჩინებით ნიკა მელიას შეუზღუდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე