სიმონეთის სასროლეთზე „კოლხეთის მოჩვენებები 2015-ის“ საჩვენებელი წვრთნა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 18.12.2015
ნანახია: 1724

სიმონეთის სასროლეთზე ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კოლხეთის მოჩვენებები 2015-ის“ საჩვენებელი წვრთნა გაიმართა. სწავლების მიმდინარეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„კოლხეთის მოჩვენებები 2015“ უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა. სწავლების მიზანი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში დისლოცირებული სამხედრო ძალების ოპერატიული დანაყოფებისა და სხვა სამთავრობო უწყებრივი ძალების ერთობლივი მართვისა და კონტროლის დახვეწა იყო.
სწავლების დროს მართვისა და სამეთაურო პუნქტების მოქმედება განხორციელდა - ოცეულის დონიდან და ოპერატიულად დაქვემდებარებული დანაყოფებიდან ოპერატიული სარდლობის დონემდე. შეფასდა საშტატო კავშირგაბმულობის სისტემების მოქმედება. წვრთნების მონაწილეები აქტიურად ასრულებდნენ სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციებს. რეალურ სიტუაციასთან მიახლოებულ სწავლებაში შტაბებისა და სამეთაურო პუნქტების მიერ ოპერაციების ინტეგრირება და სინქრონიზება განხორციელდა. შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან, საზღვაო სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო სამმართველოს სამსახურებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებები შეასრულეს.

სწავლება „კოლხეთის მოჩვენებები 2015“ 15 დეკემბერს დაიწყო და 18 დეკემბერს დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე