„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხანაზე რუსეთის დროშა ფრიალებს | ფოტო

საქართველო, თბილისი - 15:26 | 01.07.2019
ნანახია: 816

ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხანაზე რუსეთის დროშა ფრიალებს. ინფორმაციას ფოტოსტან ერთად ონლაინგამოცემა "ლაბორატორია" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ფოტო 30 ივნისაა გადაღებული.

"მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დროშის ფრიალს გამართლება არ აქვს, "ლაბორატორია" განმარტების მოსასმენად კომპანიის წარმომადგენელს, ნანა რატიანიძეს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციას სცილდებოდა და შესაბამის პირს დაგვაკავშირებდა, თუმცა უშედეგოდ“, - წერს გამოცემა.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომლის პროდუქციის რუსეთში შეტანა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში 20 ივნისის განვითარებული მოვლენების გამო აკრძალა. თუმცა, აკრძალვის მიზეზად, რუსეთის შესაბამისმა უწყებამ ღვინის ხარისხის გაუარესება დაასახელა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" 100 %-იან წილს ფლობს ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე.

საქართველოში, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშის აღმართვას საზოგადოების მწვავე რეაქცია არაერთხელ მოჰყოლია.

გასულ თვეში, ციხისძირში მდებარე სასტუმრო "კასტელო მარეს" მიერ ეზოში რუსეთის დროშის აღმართვას საზოგადოების მხრიდან მკაცრი პროტესტი მოჰყვა. რის შემდეგაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა და დროშა ჩამოხსნა.

ოკუპანტი რუსეთის დროშის ფრიალს ბათუმის ქუჩებში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

უახლოეს ხანში, უცხო ქვეყნის დროში აღმართვა, რომელთანაც საქართველოს კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება. აღნიშნულ კანონპროექტზე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მუშაობს.

“რაც მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ან აქვს კონფლიქტი,” – წერია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.

საქართველოს, ამ დროისთვის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს რუსეთსა და სირიის არაბთა რესპუბლიკასთან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე