კრემლი მოუწოდებს რუს არტისტებს საქართველოში გასტროლებზე უარი თქვან

საქართველო, თბილისი - 15:16 | 01.07.2019
ნანახია: 709

კრემლი მოუწოდებს რუს არტისტებს, რომლებიც საქართველოში კონცერტებს გეგმავენ, იფიქრონ თავიანთ უსაფრთხოებაზე, რადგან ოფიციალურ თბილისს ჯერ კიდევ არ დაუსჯია ის პირები, რომლებიც რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვზე თავდასხმას ცდილობდნენ.

 „ჩვენმა არტისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოში ჩასვლა, შესაძლოა, სახიფათო იყოს. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია, რომ დასჯიან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას და სხვა ქვეყნის დეპუტატზე თავდასხმას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ნინო ქათამაძის მიერ რუსეთში გამოსვლაზე უარის თქმის კომენტირებისას.

 „ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ როგორც ჩანს მან ბევრი რამ არი იცის პოლიტიკის შესახებ. თუ მას შეკითხვები ექნება, მზად ვართ განვუმარტოთ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთში ქართველი ხალხი უყვართ და პატივისცემით ეპყრობიან.

მისივე თქმით, რუსეთისთვის მიუღებელია ექსტრემისტებისა და ნაციონალისტების ქმედებები, რომლებიც რუსი პარლამენტარების წინააღმდეგ არის მიმართული. „რუსეთში ვერ მიიღებენ პოზიტიურად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა რუსოფობიური სულით გაკეთებულ განცხადებებს“, - აღნიშნა პესკოვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე