ადვოკატი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 15:20 | 27.06.2019
ნანახია: 931

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს. შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დააყენა.

ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას პარლამენტარები თავდებში უდგებიან. მისივე თქმით, მელია მზად არის, ჩააბაროს პასპორტი.

„მისი დაკავება მელიას პოლიტიკურ განეიტრალებას უკავშირდება და ის არსად წასვლას არ აპირებს. პარლამენტართა სია გადმომცეს, რომლებიც წერილობით უზრუნველყოფენ ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნას თავდების ქვეშ. ისინი ითვალისწინებენ სრულ პასუხისმგებლობას, რაც უკავშირდება თავდებობას“,- განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: 1tv.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე