19 დეკემბრიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს დიდ ქალაქებში აქტიური სარეკლამო კამპანიები იწყება

საქართველო, თბილისი - 10:57 | 18.12.2015
ნანახია: 1792

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ზამთრის სეზონისა და საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. დეპარტამენტს უკვე დაწყებული აქვს აქტიური სარეკლამო კამპანიები და პიარ აქტივობები აჭარაში უცხოელი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით.

სარეკლამო კამპანიებიდან განსაკუთრებით აღსაღნიშნავია დეპარტამენტის მიერ მომზადებული 15 წამიანი სარეკლამო კლიპი ზამთარში აჭარაში დასვენებისა და დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ, რომელიც მსოფლიოში პოპულარული ტელეარხის „Discover” ეთერით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადაიცემა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, დეკემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება ასევე ინტენსიური პიარ კამპანიები სამ სამიზნე ქვეყანაში (თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა), რომლებიც მოიცავს როგორც გარე რეკლამებს ხალხმრავალ ადგილებში (ბილბორდები, ლაითბოქსები, ავტობუსები, ეკრანები), ისე ინტერნეტ რეკლამებს აჭარის შესახებ. რეკლამების შედეგად დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს „gobatumi.com“ დღეში საშუალოდ 10 000 ვიზიტორი ჰყავს, ფეისბუქის გვერდს კი კვირის განმავლობაში საშუალოდ 1 მილიონი წვდომა აქვს. სპეციალურად ახალი წლისთვის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს დაემატა სპეციალური ფანჯრები, სადაც აჭარაში კერძო სექტორისა და მთავრობის მიერ საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი და ახლად გახსნილი სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის შესახებ არსებული ინფორმაციებია განთავსებული.

ახალი წლის ღონისძიებებისა და ზამთარში აჭარაში დასვენების პოპულარიზაციის მიზნით ასევე აქტიური სარეკლამო კამპანიები მიდის ქვეყნის შიგნით, რაც საქართველოს დიდ ქალაქებსა და თბილისში სარეკლამო ბილბორდების, ფოტო-ბანერების განთავსებასა და სარეკლამო ფლაერების გავრცელებას, ასევე საქართველოს რეგიონალურ არხებზე („აჭარის ტელევიზია“ „გურჯაანი“, "ქვემო ქართლი TV“, "თრიალეთი", "მეცხრე ტალღა") სარეკლამო კლიპის გაშვებას გულისხმობს.

19 დეკემბრიდან კი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს დიდ ქალაქებში აქტიური სარეკლამო კამპანიები იწყება. თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში ხალხმრავალ ადგილებსა და ცენტრალურ პარკებში დაგეგმილია მასშტაბური სარეკლამო-საინფორმაციო აქციები, რომლის დროსაც აჭარაში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებებისა და კონცერტების შესახებ ხალხს ინფორმაციებს მიაწვდიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე