თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებაში მონაწილეობა რუსეთმა უნდა მიიღოს - სერგეი გავრილოვი

საქართველო, თბილისი - 17:36 | 21.06.2019
ნანახია: 917

რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა გამოძიებაში თბილისში არეულობების ორგანიზატორების გამოსავლენად, თუმცა შექმნილმა სიტუაციამ არ უნდა იმოქმედოს ორი ქვეყნის მოქალაქეებზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განუცხადა.

„ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეებში, მაგრამ რუსეთის მიმართ აგრესიული და მტრული ქმედებები უნდა გამოვიძიოთ“, - განაცხადა გავრილოვმა.

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო დუმის დეპუტატები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს და დასჯის თბილისში არეულობების ორგანიზატორებს, თუმცა რუსეთი თავის მხრივ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ არეულობების ავტორების გამოვლენაში.

„ამასთან, მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქმედებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს კეთლმეზობლობასა და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ასევე ჩვენი ეკლესიების ურთიეთობაზე, რადგან ურთიერთობების დაბლოკვა წარმოადგენს ექსტრემისტების მიზანს, რომლებმაც სცადეს სახელმწიფო გადატრიალება და საბაბდ მართლმადიდებლური საპარლამნეტთაშორისო ფორუმი გამოიყენეს“, - განაცხადა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა, რასაც ოპოზიციისა და მოქალაქეების პროტესტი მოყვა.

ირაკლი კობახიძის გადაგომის მოთხოვნით 20 ივნისს პარლამენტის წინ აქცია გაიმართა, რომელიც ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა. გამოყენებული იყო ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი.

საზოგადოების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა.

პარლამენტში მომხდარზე განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ უმძიმესი სანახავი იყო პარლამენტის მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ქცევა პროტოკოლურ შეცდომად შეაფასა.

„რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში მომხდარს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინო ფაქტი.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს.

მოქალაქეებმა პარლამენტის წინ შეკრება დაიწყეს. ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ.

პარტიის გენერეალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციამ ანტიკოსტიტუციური ხასიათი მიიღო.

აქციის დაშლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. რომ სამართლებრივი შეფასება მიეცემა დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერთა ქმედებებს, რომლებმაც კანონი დაარღვიეს. მანვე პირობა დადო, რომ პასუხს მოთხოვენ თავიანთი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა კრიზისული ვითარება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დღეს დატოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე