თინათინ ხიდაშელი თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:11 | 17.12.2015
ნანახია: 1692

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შეხვედრების ეს ფორმატი, რომელიც ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს შეიქმნა, გამორჩეულია და, ფაქტობრივად, ანალოგი არ აქვს. მნიშვნელოვანია ამ ფორმატის როგორც პრაქტიკული მხარე, თავისი იმპლემენტაციის კომპონენტით - იქნება ეს საჰაერო სივრცის მონიტორინგით თუ ერთობლივი წვრთნებით, ასევე, პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილი",- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების და რეგიონში მშვიდობის განმტკიცების სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გზავნილი, რომლითაც ამ ფორმატის მონაწილე ქვეყნები დასავლეთს მიმართავენ, ძალიან მარტივია.

„თუ გვსურს უსაფრთხო, სტაბილური, ენერგორესურსებით დივერსიფიცირებული ევროპა, ამისთვის საჭიროა მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონი. ამ გზაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მონდომება და შესაძლებლობები საკმარისი არ არის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი არის ამ პროცესის აქტიური და მნიშვნელოვანი კომპონენტი",- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მონაწილეებს იმ პროგრამებსა და პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზა, რომლებიც საქართველოში ნატოს დახმარებით ხორციელდება.

„საქართველოს შეუძლია, ძალიან მალე გახდეს სამხედრო საქმის, განათლების და სხვა უნარ-ჩვევების გამცემი სახელმწიფო. თავდაცვის აღმშენებლობის სკოლა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იქმნება, შესაძლებლობას აძლევს ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს, ჰყავდეთ მაღალი დონის პროფესიონალი საჯარო მოხელეები, რომლებიც განათლებას, სწორედ, ამ სკოლაში მიიღებენ. ასევე, ვისაუბრეთ არსებითი პაკეტის კიდევ ერთი პროექტის - წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

 
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე