დღეს, მთავრობის სახლთან „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები აქციას გამართავენ

საქართველო, თბილისი - 17:31 | 14.06.2019
ნანახია: 859

დღეს, 14 ივნისს, 19:00 საათზე, „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები მთავრობის სახლთან აქციას გამართავენ. ინფორმაცია „თბილისი პრაიდის" ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

ორგანიზატორები აქციაში მონაწილეობისკენ პოლიტიკოსებს, ლგბტქ ადამიანებს და სამოქალაქო საზოგადეობას მოუწოდებენ.

„მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ 19:00 საათზე.

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება!!!", - ნათქვამია პრაიდის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა 18-23 ივნისს თბილისში დაგეგმილ პრაიდს და განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიას თბილისში ლგბტ პრაიდის ჩატარება ყოვლად მიუღებლად მიაჩნია.

გარდა ამისა, საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიების ჩატარება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე