ნათელია, რომ ჩვენი გზა, ნატოსკენ მიმავალი, წარმატებით დასრულდება - სალომე ზურაბიშვილი Associated Press-თან ინტერვიუში

საქართველო, თბილისი - 11:01 | 11.06.2019
ნანახია: 681

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი, დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში აუცილებლად გაწევრიანდება, - წერს Associated Press-ი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუ ჟენევაში ჩაწერა.

"მე არ მაქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ნათესლია, რომ ჩვენი გზა ნატოსკენ მიმავალი წარმატებით დასრულდება. ასევე, ევროკავშირშიც, განსხვავებულად, მაგრამ პარალელურ რეჟიმში“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

"ჩემი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ხვდება, რომ პერსპექტივა არ არის ჩრდილოეთით (რუსეთი)", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა.

"მათ მეტი უნდა ისაუბრონ საქართველოს შესახებ, როდესაც აქვთ პირდაპირი შეხვედრები და საქართველო უნდა იყოს რუსეთთან შეხვედრის ყოველ დღის წესრიგში“, - თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენცია ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაშელესთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორ მიხაელ მიოლერთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე