საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას – პროკურორი

საქართველო, თბილისი - 15:55 | 06.06.2019
ნანახია: 848

საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპოვებულია ძირითადად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 2018 წელს. ხოლო ბრალის წარდგენის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.

„საქმეში არის შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა ჩვენებები, ასევე იმ პირთა ჩვენებები, რომელსაც ბრალდებულ მ.კ.-ს შეხვდა შემთხვევის ადგილიდან გამოსვლის შემდეგ, ასევე ექპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მ.კ.-მ ჩაიდინა დანაშაული. ეს მტკიცებულებები, მათი უმრავლესობა, რომელიც საფუძვლად დაედო ბრალდების დადგენილებას მოპოვებული იქნა გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2018 წელს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანი იყო ბრალდებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ-ს მიერ დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად, შესაბამისად ის კვალიფიკაცია რომ დანაშაული ჩადენილ იქნა ჯგუფურად სწორედ ერთ-ერთი საფუძველი გახდა იმისა რომ მ.კ. ს წარედგინა ბრალი. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მ.კ.ს მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას. მეტი დაკონკრეტება არ შემიძლია“, – განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა. 

მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა.

მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს.  გამოძიება მას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე