ნოდარ ხადური საქართველოში ვიზიტით მყოფ ბოლივუდის პროდუსერსა და დირექტორს, აბას მასტანს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 17.12.2015
ნანახია: 1335

დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში ვიზიტით მყოფ ბოლივუდის პროდუსერსა და დირექტორს, აბას მასტანს (Abbas Mastan) შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე სტუმარმა აღნიშნა, მომავალი წლის აპრილიდან, იგი საქართველოში მხატვრული ფილმის გადაღებას იწყებს. გადაღებისთვის უკვე შერჩეულია ადგილები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში - კახეთში, აჭარაში, სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობისა და უცხოური კინოწარმოების მოზიდვის მიზნით.

როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა კინოინდუსტრიის კომპონენტი, რომლის მიზანია, ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის გაზრდა, ასევე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება და დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს საქართველოს მთავრობის სახელით დახმარება აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ კინოგადაღებები საქართველოში წარმატებით დასრულდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე