"გირჩის" სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:51 | 05.06.2019
ნანახია: 884

"გირჩის" სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბი ჯაფარიძე ავრცელებს.

ჯაფარიძის თქმით, მინიმალური პაკეტის ღირებულება 4000 ლარი იქნება და ის ბევრად იაფია არსებულ საუკეთესო ალტერნატივებთან შედარებით.

"მინიმალური პაკეტი, რომელიც შეიძლება მშობელმა შეიძინოს არის დღეში 4 საათი. ასეთი პაკეტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4,000 ლარს წელიწადში. ეს ფასი არის ბევრად დაბალი ქვეყანაში არსებულ საუკეთესო კერძო სკოლებთან შედარებით.

სტანდარტულ სკოლაში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 180 დღეს. გირჩის სკოლაში - დაახლოებით 265 დღეს. ანუ, ჩვენთან გადახდილი სწავლის საფასურით ყიდულობთ დაახლოებით 1.5-ჯერ მეტ მომსახურებას, ვიდრე სხვა, ნებისმიერ სკოლაში გადახდილი საფასურით.

სხვა სკოლებში არსებობს წლის განმავლობაში მკაცრად განსაზღვრული პერიოდები არდადეგებისთვის. გირჩის სკოლაში მშობელს შესაძლებლობა ექნება წლის ნებისმიერ პერიოდში წაიყვანოს შვილი დასავენებლად და ის გააგრძელებს სწავლას ყველა მიმართულებით იქიდან, სადაც გაჩერდა, როდესაც დაბრუნდება სკოლაში.

მხოლოდ გირჩის სკოლაში აქვს მშობელს შესაძლებლობა გადაიხადოს შვილის სწავლის პირველი წლის საფასური, გახდეს სკოლის თანამფლობელი, და მოიპოვოს შანსი მომავალ წლებში მიღებული დივიდენდებიდან დაფაროს სწავლის წლიური გადასახადი", - წერს ჯაფარიძე.

"გირჩის" სკოლაში რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ მითითებული ბმულით - http://tiny.cc/m1sj7y




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე