საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება

საქართველო, თბილისი - 12:30 | 05.06.2019
ნანახია: 642

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალი იქნება.

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მის შიდა რაიონებზე და კავკასიის რეგიონზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. 

აღნიშულის გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე მეტი იქნება.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +22; მთაში +18, +20; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +23; მთაში +17, 19; მაღალ მთაში +14, +15 გრადუსს შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-300 მმ, სანაპირო რაიონებში 550-600, მთაში 220-250 მმ, მაღალმთაში 250-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მმ, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში 200-300 მმ-ს შეადგენს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-21) მომზადებული, 2019 წლების ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე