არ ვაპირებ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში მუშაობას - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე

საქართველო, თბილისი - 16:29 | 03.06.2019
ნანახია: 733

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია აცხადებს, რომ ნანა კოსტავასთან ერთად მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს. მისი თქმით, ფრაქციის წევრები შეიკრიბებიან და ერთად გადაწყვეტენ, რომელი მათგანი დატოვებს ფრაქციის რიგებს. 

ნიკოლოზ ლატარიას თქმით, თუ კოსტავა ფრაქციას არ დატოვებს, იგი თავად წავა ამ ფრაქციიდან. ეს გადაწყვეტილება ლატარიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს ცნობილი გახდა, რომ ნანა კოსტავამ დეპუტატის მანდატის დატოვება გადაიფიქრა.

„ჩვენ საკრებულოს არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ დეპუტატი დატოვოს საკრებულო. გარდა ამისა, მან დატოვა საკრებულოში თანამდებობა, ის არანაირ თანამდებობას დღეს არ იკავებს საკრებულოში. მე ვიმეორებ, რომ მე არ ვაპირებ მასთან ერთად მუშაობას საკრებულოში. ჩვენ ფრაქციაში ერთად ვიყავით, ვართ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ იმ ფრაქციაში აღარ გავაგრძელებ მასთან ერთად მუშაობას. ფრაქცია შევიკრიბებით და ერთად გადავწყვეტთ, ფრაქციას მე დავტოვებ თუ ის დატოვებს“ - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდის დეპუტატი ნანა კოსტავა საკრებულოდან წასვლაზე უარს ამბობს. 

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, - ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგონა, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე