ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ

საქართველო, თბილისი - 12:51 | 27.05.2019
ნანახია: 699

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჭიათურაში სასწავლო პროცესი შეწყდა, მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის დირექტორებმა და მოსწავლეებმა.

გაფიცულებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. ტყიბულელი მეშახტეები ამბობენ, რომ თანადგომა უნდა იყოს არა მარტო მეშახტეების მხრიდან, არამედ იმ მძიმე სამრეწველო ქარხნებიდან, როგორიც არის რუსთავი, როგორიც არის ზესტაფონი.

ქუჩაში მაღაროელებთან ერთად რიგითი მოქალაქეები მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებიან. ისინი მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ჭიათურიდან კომპანიის წასვლას ითხოვენ.

ისინი მთავრობის წევრებს მოუწოდებენ ჩავიდნენ ჭიათურაში და დაიცვან გაფიცული მაღაროელების უფლებები. მოშიმშილეები ამბობენ, რომ კომპანია დათმობაზე არ მიდის.

„უსამართლობაა, ხალხი იხრჩობა მტვერში, ნაგავში, არაფერი შემოსავალი არ აქვთ. გამოვედი ჩემი შვილებიანად და ვდგავარ ქუჩაში. გაიფიცა ყველაფერი, იმედია დაგვეხმარებიან“,- ამბობს აქციის მონაწილე.

„სათავისოდ გვთავაზობენ ისევ, ზღაპრებს. ცდილობენ დაგვიყოლიონ, მერე ვიცით რაც მოხდება, წავა რეპრესიები თანამშრომლებზე. ვერ ასრულებთ?-მიბრძანდით, დაგვანებეთ თავი,“-ამბობს აქციის მონაწილე ფრიდონ შერგილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ 15 მაღაროელი კი უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. 3-მა მაღაროელმა პოტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. მაღაროელები ხელფასის მომატებას, კვებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებასა და ქალაქში ეკოლოგიური მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

მაღაროელები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ კომპანიას სახელმწიფო მათ მადნის მოპოვების ნებართვას არ აძლევს, რის გამოც აღაროელებისთვის მხოლოდ ხელფასის 10-15%-იანი ზრდის შეთავაზება შეუძლიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე