მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს თავიდან ავირიდოთ ფიზიკური დაპირისპირება - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 16:26 | 16.05.2019
ნანახია: 803

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას არ დაუშვან ზუგდიდში დაპირისპირება.

„არსებობს ძალიან მაღალი რისკი დაპირისპირების. მე მესმის, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მობილიზაციას უწევს თავის მხარდამჭერებს არჩევნების დღეს. მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს იყოს თავიდან არიდებული დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს იქნება თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარია ასევე გამოეხმაურა, ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას სანდრა რულოვსის შტაბის წევრებსა და მედიის წარმომადგენლებზე.

„ჩემთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების და საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტი. ველოდები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მიმართულებით დაიწყებს გამოძიებას და არამხოლოდ ცემის მიმართულებით, როგორც ვიცი ამ მუხლით არის დაწყებული გამოძიება,“-აცხადებს ლომჯარია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე