თეა წულუკიანმა საფრანგეთის შს მინისტრთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 10.05.2019
ნანახია: 826

"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს საფრანგეთის შს სამინისტროსთან იმისათვის, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მონაპოვარს - ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას - საფრთხე არ შეექმნას", - ამის შესახებ თეა წულუკიანმა კრისტოფ კასტანერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზედაც მხარეებმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"შეხვედრა წარიმართა ორმხრივი თანამშრომლობის საუკეთესო ფორმატში. საფრანგეთის შს მინისტრმა აღნიშნა, რომ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ერთობლივი წარმატება, რომ საფრანგეთი პატივს სცემს და უფრთხილდება საქართველოს ევროპულ არჩევანს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კანონმორჩილმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთობლივად ვებრძოლოთ ქართველთა მიერ ჩადენილ ორგანიზებულ დანაშაულს საფრანგეთში, რომელთა რაოდენობა ბოლო სამი წლის მანძილზე, პრაქტიკულად, გაორმაგებულია. ეს კი საფრანგეთის მოქალაქეებს თავიანთ ქვეყანაში უქმნის საფრთხის განცდას", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა:

"ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უფრო ინტენსიურად გავცვლით მონაცემებს, მათ შორის პასპორტების შესახებ, რათა საფრანგეთის მთავრობამ შეძლოს ინფორმაციის მიღება, ხომ არ აქვს საქართველოს მოქალაქეს გვარი შეცვლილი, ან ხომ არ ჩაუდენია კანონდარღვევა შენგენის სივრცეში; შევთანხმდით, რომ დანაშაულის პრევენციის მიზნით უფრო მკაფიო და მკაცრი ნორმები არსებობდეს, როცა საქმე ეხება პრობაციონერთა გამგზავრებას ევროპაში. საუბარი შეეხო იმასაც, როგორ უნდა მოხდეს ავტომატიზებული საშუალებებით ინფორმაციის ეფექტური გაცვლა", - თქვა მან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკვე გადადგა ნაბიჯები იმისათვის, რომ ევროპასთან უვიზო მიმისვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას. კერძოდ:

♦ იუსტიციის მინისტრი საჯარო და სატელევიზიო გამოსვლებში ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს დასაქმებას ან თავშესაფრის მოთხოვნას ევროკავშირის ქვეყნებში და ასეთი ქმედება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარ მონაპოვარს - უვიზო მიმოსვლას ევროპის ქვეყნებთან.

♦ ყველა საქართველოს მოქალაქე 2015 წლიდან - დღემდე, პასორტისა და პირადბის მოწმობის აღებისას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სამინისტროსგან იღებს სპეციალურ ბროშურას, სადაც დეტალურადაა განმარტებული, თუ როგორია უვიზო მიმოსვლის წესები;

♦ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც ეხმარება მოქალაქეს აკონტროლოს, თუ რამდენი დღე გაატარა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ, რათა არ დაარღვიოს ევროკავშირში კანონიერად ყოფნის წესები (აღნიშნული აპლიკაცია შემქნის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა).

♦ იუსტიციის სამინისტრო ამ წლების განმავლობაში ყველა შესაძლო შემთხვევას იყენებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, მათ შორისაა პირისპირ შეხვედრები როგორც დედქალაქში, ასევე საზოგადოებრივ ცენტრებში რეგიონის მოსახლეობასთან. ისეთ ეროვნულ დღესასწაულზე როგორიცაა 26 მაისი, უკვე წლებია იუსტიციის სამინისტრო ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად ინსტალაციებსა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს იყენებს. ამჯერადაც, 2019 წლის 26 მაისს, რომლის მთავარი თემაა "გააზიარე ცოდნა" იუსტიციის სამინისტრო გორში უმასპინძლებს სადღესასწაულო ღონისძიებებს და გეგმავს სპეციალური, მასშტაბური პავილიონის აგებას (თვითმფრინავის, მოცდის დარბაზის, საპასპორტო კონტროლის და სხვა ინსტალაციების გამოყენებით), რომლის მთავარი თემაა "გააზიარე ცოდნა ევროპაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე