ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციის ბრალდებით ხელახლა დააპატიმრებენ

საქართველო, თბილისი - 10:48 | 09.05.2019
ნანახია: 725

ბრაზილიის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიშელ ტემერის ხელახლა დაპატიმრების შესახებ. იუწყება Globo. ტემერი კორუფციაშია ბრალდებული.

მიშელ ტემერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ სასამართლოში თავისი ნებით გამოცხადდება, რომელიც ხუთშაბათს უნდა გაიმართოს.

ამგვარად, სასამართლომ დაადასტურა მარტში ტემერის დაკავების საფუძველი, რომელიც ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა გაასაჩივრეს.

გასული წლის დეკემბერში ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა რაკელ დოჯმა მიშელ ტემერი კორუფციასა და ფულის გათეთრებაში დადანაშაულა. კერძოდ კი, მას ბრალად ედება საპორტო ოპერატორებისგან ქრთამის აღება. გამოძიების თანახმად, ირკვევა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლოჯისტიკური კომპანიის Rodrimar-ის სასარგებლოდ კანონი მიიღო. ეს კომპანია ლათინური ამერიკის ყველაზე დიდ პორტში "სანტუსში" მუშაობს. გამოძიების თანახმად, კომპანიამ კანონის შეცვლის სანაცვლოდ, ბრაზილიის პრეზიდენტს $8.3 მილიონი გადაუხადა, რომელიც ტემერის მეგობრების კომპანიის წყალობით გადაურიცხა.

77 წლის ტემერი პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს დილმა რუსეფი იმპიჩმენტით თანამდებობიდან გადააყენეს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე