პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:54 | 16.12.2015
ნანახია: 1686

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ ფრეკონი მიიღო. შეხვედრა, რომელიც დეცენტრალიზაციის  და თვითმმართველობის რეფორმის საკითხების განხილვას დაეთმო, მხარეებმა ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს და ევროპის საბჭოს ურთიერთობა წარმატებულად და ნაყოფიერად მიმდინარეობს და ამ თანამშრომლობის ფორმატში ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. რაც შეეხება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან ურთიერთობას, იგი დიდ დახმარებას უწევს ქვეყანას დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად განხორციელების საკითხებში.

„საქართველომ დაიწყო რეალური დეცენტრალიზაცია, რომელსაც ფინანსური და ეკონომიკური საფუძვლების შექმნაც მოყვება. ქვეყანას უკვე 71 არჩეული მერი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ჰყავს, მაშინ როცა მხოლოდ დედაქალაქს მართავდა არჩეული მერი. ხელშეკრულება, რომლის ხელმოსაწერადაც ევროპელი სტუმარი ეწვია საქართველოს, პარლამენტისთვის ერთ-ერთ სახელმძღვანელოდ იქცევა, რაც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად დაეხმარება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ჟან-კლოდ ფრეკონიმ დეცენტრალიზაციის პროცესზე საუბრისას მაგალითად საფრანგეთის მოდელი მოიყვანა და აღნიშნულ პროცესს ვრცელი და შრომატევადი უწოდა. მისი განცხადებით, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის თანამშრომლობა საქართველოსთან წარმატებულად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს მონიტორინგის პროცესის დასრულება და პოსტმონიტორინგის რეჟიმში გადასვლა. მისივე შეფასებით, "ROAD MAP"-ის ხელშეკრულება, რომელიც ამ დღეებში გაფორმდება ქართულ მხარესთან, საკმაოდ თხელი დოკუმენტია, რადგან ქვეყანამ კანონმდებლობის დონეზე უმეტესი რეკომენდაცია უკვე მიიღო და მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა კიდეც. 

„ჩვენ მზად ვართ ყველა შესაძლო გზით დავეხმაროთ საქართველოს ამ პროცესების წარმატებულად განხორციელებაში და ასევე ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების საქმეშიც ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ოკუპაციას და ევროპის საბჭოს ყველა ხელმომწერი ქვეყანის საზღვარს პატივი უნდა ეცეს", - განაცხადა კონგრესის პრეზიდენტმა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესი პან-ევროპული ასამბლეაა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, თვითმმართველობის საქმიანობის გაუმჯობესებას და ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას. კონგრესი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შესაბამისად, მომზადდა ე.წ. „Road Map", რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას. აღნიშნულ ხელშეკრულებას ჟან-კლოდ ფრეკონი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი მოაწერენ ხელს და ამით საქართველო, პორტუგალიის და უკრაინის შემდეგ, გახდება მესამე ქვეყანა, ვისაც მსგავსი დოკუმენტი ექნება გაფორმებული ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესთან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე