ჰასან როუჰანი ევროპის ქვეყნებს მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს აძლევს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 08.05.2019
ნანახია: 879

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, რომელმაც ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულება შეწყვიტა, განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებს მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს აძლევს.

 „ევროპის ქვეყნებს აქვთ 60 დღე, რათა გამართონ მოლაპარაკებები ირანთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა ირანის ტელევიზიით გამოსვლისას.

მისი თქმით, ბირთვული შეთანხმების დასასრული ჯერ კიდევ არ დამდგარა და ირანის ახალი გზა დიპლომატიურია.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთისა და რუსთის ელჩებს აცნობა, რომ ბირთვული პროგრამის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთი ვალდებულების შესრულებას წყვეტს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ წერილობით აცნობა ამ ქვეყნების ელჩებს, რომლებიც ამ დროისთვის შეთანხმების ერთგულნი არიან.

მანამდე სააგენტო ISNA იტყობინებოდა, რომ ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი თეირანის კონტრზომების შესახებ გამოაცხადებდა, რომელიც აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას უკავშირდება. სააგენტოს მონაცემებით, გეგმა, რომელსაც როუჰანი სავარაუდოდ გამოაცხადებს, ამ მომენტისთვის არ ითვალისწინებს ირანის გასვლას ბირთვული შეთანხმებიდან, თუმცა, შესაძლოა, საუბარი იყოს ირანის მხრიდან შეთანხმების ფარგლებში ვალედბულებების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ.

აშშ-მა 2018 წლის 8 მაისს ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისა და ქვეყნის წინააღმდეგ ყველა სანქციის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ვაშინგტონი ირანის ნავთობის ექსპორტის ნულამდე დაყვანას გეგმავს და მის მყიდველებს მოუწოდებს უარი თქვან ირანის ნავთობის შეძენაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე