ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება - კალაძე

საქართველო, თბილისი - 15:20 | 07.05.2019
ნანახია: 890

„ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება,“ - ამ განცხადებით, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა.

კალაძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას სარჩელის შესახებ და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას ცდილობს.

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი, თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები, მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება,“ - განაცხადა კახი კალაძე.

სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე