ბათუმი 2016 წლის საკურორტო სეზონს ე.წ. „ერმაკოვის ბუტკების“ გარეშე შეხვდება

საქართველო, თბილისი - 15:09 | 15.12.2015
ნანახია: 2268

ბათუმი 2016 წლის საკურორტო სეზონს ე.წ. „ერმაკოვის ბუტკების“ გარეშე შეხვდება. ბათუმის მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თეკლა ჩიჩუას განმარტებით, ქალაქის მერია ძველი ჯიხურების ახლით ჩანაცვლებაზე ინტენსიურად მუშაობს და მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის სუვენირებით ვაჭრობა თანამედროვე და ლამაზი ჯიხურებიდან მოხდება.

„ჯიხურებისათვის ადგლების გამოყოფის საკითხზე ბათუმის მერიამ ინტენსიურად იმუშავა. პროექტის მიზანს გარევაჭრობის უკეთ ორგანიზება წარმოადგენს. ბათუმის საკრებულოს მიერ, ქალაქის მასშტაბით, უკვე დადგინდა 19 ლოკაცია, სადაც სამომავლოდ გარემოვაჭრეებს სუვენირებით ვაჭრობა შეეძლებათ“, - აღნიშნა თეკლა ჩიჩუამ.

აჭარის დედაქალაქის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროექტის რეალიზებისთვის ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური შექმნის ჯიხურების შესაბამის ექსკიზს და ქალაქში, ახალ, თანამედროვე ჯიხურებს განათავსებს.

„მას შემდეგ, რაც მერია ესკიზებს შეიმუშავებს, გამოცხადდება აუქციონი, რომელზედაც იჯარის წესით გაიცემა აღნიშნული ჯიხურები. ჯიხურებით სარგებლობას და შესაბამისად ვაჭრობას შეძლებენ ის პირები, რომლებიც აუქციონში მიიღებენ მონაწილეობას და გაიმარჯვებენ“, - აცხადებს ჩიჩუა.

ჯიხურების განლაგება ძირითადად იმ ადგილებში მოხდება, სადაც ტურისტები ხშირად დადიან და სხვადასხვა სუვენირებზე მოთხოვნა არსებობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ბათუმის მერიამ ნავსადგურის ტერიტორიიდან ჯიხურები, საიდანაც ძირითადად სუვენირებით ვაჭრობდნენ, „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსა, რასაც მოვაჭრეების და საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ერთ ადგილზე განთავსებული ჯიხურები „ერმაკოვის ბუტკებად“ უმალვე მოინათლა. საბოლოოდ, ბათუმის მერიამ "ჭაჭის თაუერის" მიმდებარე ტერიტორიიდან კუსტარულად დამზადებული ჯიხურები უკან დააბრუნა და 2016 წლისთვის ქალაქში ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურების დადგმა დაანონსა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე