„კაცი ხომ არ გინდაო?“ - ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ნაკრების მწვრთნელს შევიწროებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 17:28 | 09.04.2019
ნანახია: 3038

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ნაკრების მწვრთნელს თემურ ჯანჯღავას ზეწოლასა შევიწროებაში ადანაშაულებს. თათია ლორთქიფანიძემ, მისმა მამამ დიმიტრი ლორთქიფანიძემ და პირადმა მწვრთნელმა გელა მახარაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. 

სპორტსმენიც და მისი მწვრთნელიც აცახდებენ, რომ ის არაერთგზის გახდა თემურ ჯანჯღავას, შეურაცხყოფისა და თავდასხმის მსხვერპლი. სპორტსმენის თქმით, ჯანჯღავა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა. ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ  მისგან დაჟინებულად მოითხოვდნენ ორსულობის ტესტის ჩატარებას. გარდა ამისა, ის ევროპის ჩემპიონატის წინ სანაკრებო განაცხადიდან ამოიღეს და უდისციპლინობაში დასდეს ბრალი. 

„იყო ტრენერის მიერ შეურაცხყოფის ფაქტები, ზეწოლა, ორსულობის თემა დამაბრალა. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ერთხელ ოთახში შემოვიდა – „კაცი ხომ არ გინდაო?“ ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო“, - განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.

ძალოსნის უფლებადამცველის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, განცხადებით, მან უკვე მიმართა ქალური ღირსების შეურაცხყოფის ბრალდებით სახალხო დამცველის აპარატს, რომელმაც ამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.

„შეურაცხყოფის ფაქტებს, რომელსაც უხვად ჰქონდა ადგილი თემურ ჯანჯღავას მხრიდან თათია ლორთქიფანიძის მისამართით, იქნებოდა ეს აგრესიის გამოვლინება მის მიმართ, ფეხებთან დაფურთხება თუ სხვადასხვა ტიპის ისეთი შეთავაზებები ქალის მიმართ, რომელიც, ალბათ, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერი ქალბატონისთვის და რასთან დაკავშირებითაც ფორმალურადაც კი, კახი კახიაშვილს არ გაუტარებია არანაირი ზომები,“ - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ძალოსანი სტატუსის აღსადგენად ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე