აშშ-მა ფატუ ბენსუდას ვიზის მოქმედება შეუჩერა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 05.04.2019
ნანახია: 991

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აშშ-ის ვიზის მოქმედება შეუჩერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას, რომელიც იძიებს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშულებებს.

გასულ თვეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი იძულებული იქნება გაუუქმოს ამერიკის ვიზა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებს, რომლებიც იძიებენ ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს.

დღეს, 5 აპრილს ბენსუდას ოფისმა დაადასტურა ინფორმაცია ვიზის მოქმედების შეჩერების შესახებ და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, ფატუ ბენსუდა გააგრძელებს თავისი მოვალებების შესრულებას.

ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და ევროკავშირმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2016 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შესაძლოა ავღანეთში ამერიკის სამხედრო ძალებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.

ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ამერიკის მოქალაქეებზე, მაგრამ სასამართლოს შეუძლია მსჯავრი დაადოს დანაშაულებებს, რომლებიც სასამართლოს წევრ-ქვეყნებში არის ჩადენილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე