ბულგარეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი კარიბჭეა ევროპაში - გიორგი ქობულია

საქართველო, თბილისი - 11:14 | 05.04.2019
ნანახია: 825

„ბულგარეთი მნიშვნელოვანი კარიბჭეა ჩვენთვის ევროპაში და გვინდა, გავაღრმავოთ ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი ამ ქვეყანასთან. ეს ეხება როგორც საბარჟო, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საკონტეინეროს გამოყენებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრთან როსენ ჟელიაზკოვთან შეხვედრის შემდეგ.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბულგარეთში  ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. გიორგი ქობულია 5 აპრილს როსენ ჟელიაზკოვთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო - ბულგარეთის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომაში და ხელს მოაწერენ კომისიის სხდომის ოქმს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ბულგარეთის პორტს ბურგასს შორის ინტენსიური საბორნე მიმოსვლა განახლდა 2015 წლიდან და ყოველწლიურად ბურგასი - ბათუმის საზღვაო ნავსადგურებს შორის საავტომობილო ბორნით გადაზიდული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით,  გადაზიდული სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი 9,4 პროცენტით მეტი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე