117 სახეობის მცენარეული ნიმუშიდან გენმოდიფიცირებული არც ერთი აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 13:23 | 04.04.2019
ნანახია: 1057

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი  მცენარეების სხვადასხვა სახეობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე სისტემატურად ამოწმებს.

2015 წლიდან დღემდე, საქართველოს ყველა რეგიონში, დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლის განყოფილების სპეციალისტებმა, დაახლოებით 561.205 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მაღალი რისკის შემცველობის მქონე მცენარეული სახეობის 177 ერთეული ნიმუში შერჩევითი წესით შეამოწმეს.

ლაბორატორიული კვლევისთვის სიმინდის, ხორბლის, კარტოფილის, ნესვის, საზამთროს, იონჯას, სოიოსა და ლობიოს ნიმუშები აიღეს. კვლევამ აჩვენა, რომ ეს  მცენარეული სახეობები არ შეიცავს გმო მარკერებს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს.

კანონმდებლობით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში კულტივირება აკრძალულია. კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ  კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე