საქართველოს მოსახლეობის 17,8 პროცენტის აზრით, სამუშაო ადგილზე ხდება სექსუალური შევიწროება - CRRC კვლევა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 03.04.2019
ნანახია: 1163

საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სამუშაო ადგილზე შრომის უფლების ყველაზე ხშირი დარღვევაა არასათანადო ანაზაღაურება (მოსახლეობის 71%), შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (მოსახლეობის 64%) და სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა (მოსახლეობის 57%).

საქართველოს მოსახლეობის 17,8% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე ხდება სექსუალურ შევიწროება; თბილისში ასე მოსახლეობის 26,9% ფიქრობს, ხოლო რეგიონებში - 14%. საგულისხმოა, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმება ქალების 21,2%, ხოლო კაცების 13,7%.

კითხვაზე - შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელია თუ არა, რომ სასამართლო დაგეხმარებათ- მოსახლეობის 41,2% პასუხობს, რომ უფრო არ არის მოსალოდნელი; დადებითი მოლოდინი აქვს 38,5%-ს (არ ვიცი/უარი პასუხზე: 20,3%).

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3,4%-ია გაერთიანებული პროფესიულ კავშირში. პროფკავშირის წევრობის მაჩვენებელი თითქმის იდენტურია როგორც თბილისისა და რეგიონების, ისე ქალებისა და კაცების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო ნაკლებად არიან პროფკავშირის წევრები (0.4%), ვიდრე 35-54 წლის ადამიანები (5.8%).

კითხვაზე - ისურვებდით თუ არა, გახდეთ პროფკავშირის წევრი - საქართველოს მოსახლეობის 6,8% დადებითად პასუხობს. უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები უფრო ხშირად გამოთქვამენ ასეთ მზადყოფნას (10,4%), ვიდრე საშუალო ან უფრო დაბალი საფეხურის განათლების მქონე ადამიანები (4.9%).

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე