გასული წლების ანგარიშებს თუ გადავხედავთ, ასეთი პოზიტიური დასკვნა შსს-თან მიმართებით სახალხო დამცველს არ მოუმზადებია - მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:15 | 02.04.2019
ნანახია: 1003

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია პოლიციელების მხრიდან ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, არ შეესაბამება სიმართლეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი პოზიტიური დასკვნა სახალხო დამცველს არასდროს მოუმზადებია შინაგან საქმეთა სამინისტროზე.

„პირველ რიგში, დავიწყოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემით - გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ხალხს სცემენ. თუ ვინმეს შეუძლია, სახალხო დამცველის ანგარიშიდან ამონარიდი მაჩვენოს, სადაც წერია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ხალხს სცემენ. ხაზგასმით აღვნიშნავ, ვერსად ამგვარ ჩანაწერს სახალხო დამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ და უხერხულია თვითონ სახალხო დამცველის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება.

გასული წლების ანგარიშებს თუ გადავხედავთ, ასეთი პოზიტიური დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებით სახალხო დამცველს არ მოუმზადებია და არ გაუცია. ობიექტური ვარ ამ შემთხვევაში და არ ვსაუბრობ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ჩვენ რეალურად სახალხო დამცველის აპარატთან მთელი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა. ის რეკომენდაციები, რაც სახალხო დამცველმა გასცა, აბსოლუტურად მისაღები და გასაზიარებელია და მზად ვართ, რომ ეს მჭიდრო კომუნიკაცია 2019 წელსაც გავაგრძელოთ.

ძალიან ბევრი დადებითი ტენდენცია იყო გამოკვეთილი, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაუმჯობესებული მდგომარეობა, არა მხოლოდ ბრალდებულების და დაკავებულების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის თვალსაზრისით, არამედ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც თუ გადავხედავთ გასული წლების ანგარიშებს, არც ერთი ასე პოზიტიურად სახალხო დამცველის ანგარიშში მოხსენიებული არ ყოფილა. სამხრე კამერებით პოლიციელების აღჭურვა, განყოფილებებში კამერების დამონტაჟება, რაც ჩვენ პოლიციელთა მხრიდან გადაცდომების თავიდან აცილების და პრევენციის შესაძლებლობას გვაძლევს. რაც შეეხება დაზიანებებს - მოდი, დავიწყოთ იმით, რა უწერია სახალხო დამცველს ანგარიშში. სახალხო დამცველმა ძალიან მარტივად თქვა, რომ პოლიციელების მიმართ პრეტენზიების რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით შემცირებულია და თუ თქვენ გადახედავთ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, ეს ნამდვილად ასეა. ახლა რაც შეეხება დაზიანებებს - დაზიანებებთან მიმართებით ის, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, ბუნებრივია, ტყუილი არ არის, აბსოლუტურად სწორი მონაცემებია და ეს არის ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან, ოფიციალური ვებ გვერდიდან აღებული მონაცემი. თუმცა, სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველმა გამოიყენა გამოთვლის განსხვავებული მეთოდოლოგია, განსხვავებით წინა წლისგან. რეალურად ჩვენ თუ დავაჯამებთ დაკავების დროს მიღებულ დაზიანებებს, დაკავების შემდგომ მიღებულ დაზიანებებთან, ჯამს თუ ავიღებთ და გამოვთვლით ამას დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებული პირების საერთო რაოდენობიდან, პროცენტულად ვნახავთ, რომ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით გვაქვს მნიშვნელოვანი კლება. ანუ, დაზიანებით შესახლებული პირების რაოდენობა და განსაკუთრებით იმ პირების რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ეს დაზიანებები მიიღეს დაკავების მომენტში ან დაკავების შემდგომ, იმ პერიოდში როდესაც პოლიციის ხელში იმყოფებოდნენ, ამ ადამიანების რიცხვი პროცენტულად არის შემცირებული. უბრალოდ სახალხო დამცველს ანგარიშში გამოყენებული აქვს დათვლის განსხვავებული მეთოდოლოგია და როგორც ჩანს, აღებული აქვს მხოლოდ დათვლის ერთი კომპონენტი, კერძოდ, დაზიანებები. ანუ დათვლილი აქვს ერთი კრიტერიუმით - დაზიანებები დაკავების შემდეგ, რაც არც ისე სახარბიელო სურათს იძლევა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთობლიობაში შევხედოთ ამ ყველაფერს კონტექსტში. თვითონ სახალხო დამცველმა თქვა და ეს ანგარიშშიც ძალიან ნათლად წერია, რომ პოლიციელების მიმართ პრეტენზიების რაოდენობა არის შემცირებული. მართლაც კარგი შედეგები გვაქვს, განსაკუთრებით დროებითი მოთავსების იზოლატორებში და ამიტომ არ იქნება სწორი თუ ვიტყვით, რომ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი. ძალიან მალე ვიხილავთ, წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის შედეგებს, პირველადი რამდენიმე თვის წინ უკვე გამოქვეყნდა და დარწმუნებული ვარ, რომ იქაც ძალიან პოზიტიური შეფასებები იქნება ამავე იზოლატორებთან მიმართებით და ასევე პოლიციის განყოფილებებთან მიმართებით იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა უკვე წინარე მოსაზრებები გაგვიზიარეს.

ერთ კომპონენტზეც გავამახვილებ ყურადღებას - ეს სტატისტიკა ეყრდნობა დაკავებულების განცხადებებს. ჩვენ ამ პრაქტიკის შეცვლას არ ვაპირებთ. დაკავებული როდესაც გვეუბნება, რომ სავარაუდოდ, დაზიანება მიაყენა პოლიციის თანამშრომელმა - ამ ყველაფერს აღვრიცხავთ. თქვენ თუ ჩახედავთ და ნახავთ კონკრეტულ, ინდივიდუალურ სისხლის სამართლის საქმეებს, ზოგი დასტურდება, ზოგი არ დასტურდება, ამიტომ ცალსახად მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობა იმთავითვე არის არასწორი.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე